ხშირად დასმული კითხვები

საქართველოში სასამართლო ხელისუფლება ხელისუფლების დამოუკიდებელ შტოს წარმოადგენს.  ის შედგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და საქართველოს საერთო სასამართლოებისგან, რომელთა კომპეტენციები ერთმანეთისაგან მკაცრად გამიჯნულია. თავის მხრივ, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემას ქმნიან: საქართველოს უზენაესი სასამართლო (მე-3 ინსტანციის, საკასაციო სასამართლო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოები (მე-2 ინსტანციის, სააპელაციო სასამართლოები) და 25 რაიონული (საქალაქო) სასამართლო (პირველი ინსტანციის სასამართლოები).

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს უზენაესი სასამართლო
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სიღნაღის რაიონული სასამართლო
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
ბათუმის საქალაქო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლო საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობას, კონსტიტუციურ კანონიერებას და ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას. ამ მიზნით, კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს:

  • სხვადასხვა იერარქიის საკანონმდებლო ნორმის, ნორმის ნაწილის, ან მისი ცალკეული შინაარსის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციასთან;
  • საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, გენერალური პროკურორის, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს, გენერალური აუდიტორის, საქართველოს სახალხო დამცველის ან ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესიწარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანოს სარჩელის საფუძველზე − დავა შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ;
  • პოლიტიკური პარტიის შექმნისა და საქმიანობის კონსტიტუციურობისა და ამ პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი;
  • დავა რეფერენდუმისა და არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციურობის შესახებ;
  • საერთაშორისო ხელშეკრულების კონსტიტუციურობის საკითხი;
  • საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი;
  • საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, გენერალური პროკურორის, გენერალური აუდიტორის ან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან/და მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის საკითხი და სხვა;

 

საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მე-19 მუხლში.

  • ფიზიკური პირს, იურიდიული პირს ან სახალხო დამცველს – თუკი სადაოდ ხდის ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით;
  • საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს ან საქართველოს მთავრობას – ნორმატიული აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ;
  • საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტს, საქართველოს მთავრობას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, გენერალურ პროკურორს, ეროვნული ბანკის საბჭოს, გენერალური აუდიტორს, სახალხო დამცველს ან ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელ ორგანოს – შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ;
  • საქართველოს პრეზიდენტს ან საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედს – საერთაშორისო ხელშეკრულების კონსტიტუციურობის შესახებ;
  • საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს ან მთავრობას -პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და ამ პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ;
  • პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს ან შესაბამის პირს – პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის შესახებ;
  • საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს ან სახალხო დამცველს – რეფერენდუმის ან არჩევნების მომწესრიგებელი ნორმისა და ამ ნორმის საფუძველზე ჩასატარებელი ან ჩატარებული რეფერენდუმის ან არჩევნების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ დავის შესახებ;
  • საერთო სასამართლოების მოსამართლე(ებ)ს – იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის საკითხზე, რომელიც კონკრეტული საქმის განხილვისას უნდა გამოიყენოს საერთო სასამართლომ და რომელიც მისი საფუძვლიანი ვარაუდით შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციის მეცხრე თავთან მიმართებით;
  • საკონსტიტუციო სასამართლოში თქვენი ინტერესების დაცვა შეგიძლიათ, როგორც დამოუკიდებლად, ასევე ნებისმიერი მესამე პირის დახმარებით. განსხვავებით სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებისაგან, აუცილებელი არ არის, რომ თქვენი ინტერესების დამცველს ჩაბარებული ჰქონდეს ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა. კონსტიტუციური სარჩელის ფორმა იხილეთ ბმულზე.

საკონსტიტუციო სასამართლო 9 მოსამართლისგან შედგება, საიდანაც სამს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, სამს –  სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო სამ წევრს ნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადა 10 წელია. საკონსტიტუციო სასამართლო პლენუმისა და ორი კოლეგიისაგან შედგება, თითოეულ კოლეგიაში სასამართლოს 4 მოსამართლეა, ხოლო პლენუმის მიერ საქმის განხილვის პროცესში ცხრავე მოსამართლე იღებს მონაწილეობას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური ორგანოა, რომელიც სასამართლო ხელისუფლებას საკონსტიტუციო სამართალწარმოების წესით ახორციელებს. საკონსტიტუციო სასამართლო მე-4 ინსტანციის სასამართლო არ არის, მას სრულიად სხვა მოვალეობები აკისრია სახელმწიფოში.

მიიღოს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი/კონსტიტუციოური წარდგინება არსებითად განსახილველად, ამას საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია/პლენუმი განმწესრიგებელ სხდომაზე წყვეტს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.  

თუკი არსებითი განხილვის შედეგად  საკონსტიტუციო საასამართლომ რომელიმე სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი არაკონსტიტუციურად ცნო, ის ძალას სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან დაკარგავს. თუმცა, შესაძლებელია გადაწყვეტილებაში აქტის ან მისი ნაწილის ძალის დაკარგვის უფრო გვიანდელი ვადაც იყოს მითითებული. ისეთ შემთხვევებში კი, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ. ეს განჩინება ძალაში შედის გამოქვეყნების მომენტიდან.

გარდა ამისა, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს, შეუძლია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება. საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, საკუთარი ინიციატივით ან მხარეთა შუამდგომლობით გადასინჯოს გადაწყვეტილება სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების თაობაზე, თუ აღარ არსებობს ის გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილება სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების თაობაზე, აგრეთვე ამ გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ ძალაში შედის შესაბამისი საოქმო ჩანაწერის გამოქვეყნების მომენტიდან.

საერთო სასამართლოები კოლეგიებად ან/და პალატებადაა დაყოფილი, რომლებიც  ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავენ. რაიონულ და საქალაქო სასამართლოებში ვხვდებით კოლეგიებს, ხოლო სააპელაციო და უზენაეს სასამართლოში – პალატებს. სააპელაციო სასამართლოებს ასევე აქვთ საგამოძიებო კოლეგიები. საერთო სასამართლოები 3 დონის (ინსტანციის) სასამართლოს მოიცავს: 

  • პირველი ინსტანციის სასამართლო – რაიონული (საქალაქო) სასამართლოები, სადაც პირს თავდაპირველად შეაქვს სარჩელი/განცხადება. ამავე სასამართლოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ მაგისტრატი მოსამართლეებიც. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმეს როგორც წესი განიხილავს ერთი მოსამართლე, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, როდესაც საქმის სირთულიდან გამომდინარე საქმე შესაძლოა განხილულ იქნეს კოლეგიურად, სამი მოსამართლის შემადგენლობით;
  • მეორე ინსტანციის სასამართლო – სააპელაციო სასამართლოები, სადაც პირი ასაჩივრებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას. საქართველოში სულ ორი სააპელაციო სასამართლოა: თბილისის და ქუთაისის. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოში საჩივრდება აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი რაიონული/საქალაქო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში – დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი პირველი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები. სააპელაციო სასამართლოებში საქმეები განიხილება კოლეგიურად, სამი მოსამართლის მიერ. რაც შეეხება საგამოძიებო კოლეგიას, ის განიხილავს მაგისტრატი მოსამართლის განსჯადობისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილების გამო საჩივარს, ასევე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ პირევლი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას და სხვა, ერთპიროვნულად.
  • მესამე (და საბოლოო) ინსტანციის სასამართლო – უზენაესი (საკასაციო) სასამართლო, სადაც პირი ასაჩივრებს მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას. საკასაციო სასამართლოში საქმეები განიხილება კოლეგიურად, სამი მოსამართლის მიერ.

სასამართლო სისტემის სამ ინსტანციური მოწყობა საშუალებას აძლევს პირის მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება, სულ მცირე 2 ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივროს.

მაგისტრატი მოსამართლე ეწოდება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში. მაგისტრატი მოსამართლის სამოქმედო ტერიტორია და რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. მაგისტრატი მოსამართლეების შემადგენლობას რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი მაგისტრატი მოსამართლე საქმეს ერთპიროვნულად განიხილავს.

ის თუ რა კატეგორიის საქმეებს განიხილავს მაგისტრატი მოსამართლე კანონით არის განსაზღვრული. მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ სამოქალაქო სამართლის საქმეებს:

  • ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს;
  • უდავო და გამარტივებული წარმოების საქმეებს, გარდა შვილად აყვანის, აგრეთვე გამარტივებული წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის  და ქონების უპატრონოდ ცნობის საქმეებისა, თუ მოთხოვნის ან ქონების ღირებულება აღემატება 5000 ლარს;
  • საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე;

რაც შეეხება ადმინისტრაციულ საქმეებს, აქ მაგისტრატი მოსამართლეები გადაწყვეტილებას იღებენ:

  • საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით;
  • სასამართლოში წარდგენილი შესაბამისი ოქმის საფუძველზე, სასამართლოს მიერ განსახილველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით;
  • სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხის თაობაზე;
  • სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის თაობაზე;
  • საჯარო სამსახურში შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავასთან დაკავშირებით;
  • მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე ბრძანების გამოცემის თაობაზე;
  • შესაბამისი ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის ან პენიტენციური დაწესებულების მიმართვის საფუძველზე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ;
  • „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი ერთეულის (შემდგომ – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ერთეული) მიმართვის საფუძველზე იმავე კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის თაობაზე;
  • პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანასთან დაკავშირებით. 

მაგისტრატი მოსამართლეები განიხილავენ სისხლის სამართლის საქმეებსაც. მათ კომპეტენციაში შედის:

  • ადამიანის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვისა და იძულებით ღონისძიებასთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოტანა;
  • ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა;
  • სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამომძიებლის ან/და პროკურორის უკანონო ქმედების გამო საჩივრის გადაწყვეტა;

და იმავე კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

მოქმედი კანონმდებლობით განსხვავდება სხვადასხვა ინსტანციაში მოსამართლეთა არჩევის წესები.

იმისათვის, რომ მოსამართლე გახდეთ, შემდეგ ზოგად კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ:

  • უნდა იყოთ საქართველოს მოქალაქე და ფლობდეთ სახელმწიფო ენას;
  • უნდა იყოთ ქმედუნარიანი, ე.ი. გქონდეს უნარი, თქვენი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოთ და განახორციელოთ სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები;
  • უნდა იყოთ მინიმუმ 30 წლის;
  • საჭიროა, გქონდეთ უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი/უმაღლესი განათლების დიპლომი;
  • აუცილებელია, გქონდეთ სპეციალობით მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
  • ჩაბარებული უნდა გქონდეთ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა (არ მოეთხოვება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს);
  • არ უნდა იყოთ ნასამართლევი;
  • გავლილი უნდა გქონდეთ იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილი უნდა იყოთ იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში (ამ სკოლაში ჩარიცხული პირები წინასწარ გაწერილი სასწავლო პროგრამის ფარგლებში ესწრებიან ლექციებს, უტარდებათ ტრენინგები, ეცნობიან მოსამართლედ მუშაობის სპეციფიკას და გადიან „მოსამზადებელ“ ეტაპს მოსამართლედ დასანიშნად. თუმცა, ყველა პირი, რომელიც ასრულებს იუსტიციის უმაღლეს სკოლას, ავტომატურად მოსამართლე ვერ ხდება).

ამასთანავე, გამონაკლისის სახით, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან თავისუფალია:

  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი პირი;
  • ყოფილი მოსამართლე, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გამწესებული იყო მოსამართლის თანამდებობაზე უზენაეს სასამართლოში ან რაიონულ (საქალაქო) ანდა სააპელაციო სასამართლოში კონკურსის წესით და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 18 თვის გამოცდილება.
  • პირი, რომელმაც გაიარა იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილ იქნა იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში;
  • საქართველოს საერთო სასამართლოების ყოფილი მოსამართლე სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 წლის გასვლამდე;
  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და უზენაესი სასამართლოს როგორც მოქმედი, ისე ყოფილი წევრი.

თუ მოსამართლეობის მსურველი პირი აკმაყოფილებს კანონმდებლობით მოთხოვნილ ყველა კრიტერიუმს, მას შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსში. მართალია, კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს, თუმცა განსხვავებულია კონკურსის შედეგები პირველ და მეორე ინსტანციებში მოსამართლეთა გამწესებისა და საქართველოს პარლამენტისათვის საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა წარდგენის შემთხვევებში.

ორივე შემთხვევაში კანდიდატის მიერ წარდგენილ განაცხადს თანდართულ ინფორმაციასთან ერთად შეისწავლის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატი, რომელიც აფასებს რამდენად სრულყოფილად არის წარმოდგენილი ინფორმაცია და შეესაბამება თუ არა პირი კანონმდებლობის მოთხოვნებს. თუ კანდიდატი აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და სრულყოფილად აქვს წარმოდგენილი განაცხადი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს ამ პირის კანდიდატად დარეგისტრირების გადაწყვეტილებას. შემგომი ეტაპი არის უკვე კანდიდატის გასაუბრება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, სადაც საბჭოს წევრებს უფლება აქვთ კითხვები დაუსვან მოსამართლეობის მსურველებს. გასაუბრების დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი ავსებს თითოეული მოსამართლეობის კანდიდატის შეფასების ფურცელს. ვინაიდან მოსამართლედ შეიძლება აირჩეს როგორც სამოსამართლო გამოცდილების მქონე, ასევე ამგვარი გამოცდილების არმქონე პირი, მათი შეფასების კრიტერიუმებიც განსხავებულია.

ყველა ამ ეტაპის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს კანდიდატის მოსამართლედ დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას საქალაქო (რაიონული) ან სააპელაციო სასამართლოში, ხოლო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებთან მიმართებაში იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს პარლამენტში მათი ნომინირების შესახებ.

მოსამართლედ გამწესებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოსამართლეობის კანდიდატს უფლება აქვს, გაასაჩივროს იუსტიციის საბჭოს აღნიშნული უარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონსტიტუციური ორგანოა,  რომელიც 4 წლის ვადით განწესებული 14 წევრისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისაგან შედგება (სულ 15 წევრი). იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტს (8 წევრს) შეადგენენ საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს მიერ მოსამართლეთაგან არჩეული წევრები, მოქმედი მოსამართლეები. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში შედიან ასევე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე,  საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული ერთი წევრი და საქართველოს პარლამენტის მიერ სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით არჩეული 5 წევრი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრთაგან ორგანული კანონით დადგენილი წესით 4 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს მისი როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადისა, ირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს 4 წლის ვადით ირჩევს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო მის მიერ არჩეულ წევრთაგან.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შექმნის მიზანია უზურნველყოს:

  • სასამართლოს (მოსამართლის) დამოუკიდებლობა;
  • მართლმსაჯულების ხარისხი და ეფექტიანობა;
  • მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნის, მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზება;
  • სასამართლო რეფორმის გასატარებლად წინადადებების შემუშავება;
  • კანონით დადგენილი სხვა ამოცანების შესრულება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო სისტემაში არაერთ მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებს. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საბჭო:

  • თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებს (გარდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრებისა);
  • განსაზღვრავს საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შემადგენლობას;
  • განსაზღვრავს სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეთა სპეციალიზაციას;ა
  • ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის (გარდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურისა) სტრუქტურას, თანამდებობათა დასახელებებს, საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობრივ სარგოს, აგრეთვე საქართველოს საერთო სასამართლოების (გარდა უზენაესი სასამართლოსი) აპარატების სტრუქტურებსა და საშტატო ნუსხებს;
  • ადგენს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული და საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს;
  • შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს საერთო სასამართლოების ორგანიზაციული მუშაობის წესს;
  • ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში სტაჟირების გავლის წესს;
  • ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების აპარატების მოხელეთა შეფასების წესს;
  • განიხილავს სასამართლო სტატისტიკის ანალიზის მასალებს;
  • კანონით გათვალისწინებული წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ ახორციელებს დისციპლინურ სამართალწარმოებას;
  • ისმენს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის ანგარიშს;
  • იღებს გადაწყვეტილებას კანონით დადგენილი წესით მოსამართლის წახალისების შესახებ;
  • შეიმუშავებს წინადადებებს სასამართლო რეფორმის საკითხებზე;
  • თავისი არამოსამართლე წევრებისაგან, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, ირჩევს 1 წევრს იურიდიული დახმარების საბჭოში წარსადგენად;
  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლოების მოსამართლეთაგან ირჩევს საჯარო სამსახურის საბჭოს 2 წევრს;
  • ამტკიცებს სასამართლო მედიაციის პროგრამას/პროგრამებს;
  • ამტკიცებს მედიატორის საქმიანობის ანაზღაურების წესს;
  • ახორციელებს ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს;
  • უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სამართალწარმოების ხელმისაწვდომობას და ამ მიზნით, შეიმუშავებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროცესის მონაწილეებთან მუშაობის სტანდარტებსა და მეთოდიკას, რომლითაც გათვალისწინებული იქნება სასამართლოში ამ კატეგორიის საქმეთა განხილვის სპეციფიკურობა;
  • ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, პირი, რომელსაც არ აქვს მოსამართლედ ყოფნის გამოცდილება, ინიშნება 3 წლის გამოსაცდელი ვადით. აღნიშნული ვადის ფარგლებში ახლად დანიშნულ მოსამართლის საქმიანობას აფასებენ იუსტიციის საბჭოს წევრები. ვადის მიწურულს, ისევ კონკურსის გავლის შედეგად იგი შესაძლოა გადაინიშნოს უვადოდ, საპენსიო ასაკის მიღწევამდე, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლის საქმიანობის შესაფასებლად, თანამდებობაზე მისი გამწესებიდან 1 წლის თავზე და 2 წლის თავზე, აგრეთვე მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიანი ვადის გასვლამდე 4 თვით ადრე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წილისყრით შეარჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ მოსამართლე წევრს და ერთ არამოსამართლე წევრს (შემდგომ – შემფასებლები), რომლებმაც ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, 2 თვის ვადაში უნდა შეაფასონ შესაბამის პერიოდში მოსამართლის საქმიანობა. წილისყრის დასრულების შემდეგ შემფასებლების ვინაობა დაუყოვნებლივ ეცნობება შესაფასებელ მოსამართლეს. აღნიშნული ექვსი შეფასება სხვადასხვა შემფასებელმა უნდა განახორციელოს. სწორედ აღნიშნული შეფასებების საფუძველზე მსჯელობს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, 3 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული წესი 2024 წლიდან აღარ იმოქმედებს.

გარდა გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეებისა, არსებობს ძველი კანონმდებლობის საფუძველზე 10 წლის ვადით დანიშნული მოსამართლეებიც. ამჟამად მოქმედი კანონის მიხედვით, მოსამართლეები თანამდებობაზე 10 წლით აღარ ინიშნებიან.

2013 წელს „საერთო სასამართლოების შეახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, მოსამართლეები თანამდებობაზე უვადოდ, კანონით განსაზღვრული საპენსიო ასაკის მიღწევამდე ინიშნებიან და ეს წესი მოქმედებს საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეებზეც.

სასამართლოს თავმჯდომარეს პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ეს უკანასკნელი თავდაპირველად სასამართლოს კომუნიკაციის შიდა ქსელის, ე.წ. ინტრანეტის, საშუალებით აცხადებს განცხადებების მიღებას კონკრეტული სასამართლოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად, რისთვისაც განსაზღვრავს შესაბამის ვადას. განცხადებების მიღების შემდეგ, იგი კონსულტაციებს გადის იმ სასამართლოს მოსამართლეებთან, რომლის თავმჯდომარეც უნდა დანიშნოს და ეკითხება მათ მოსაზრებებს კონკრეტული კანდიდატ(ებ)ის შესახებ. კონსულტაციების დასრულების შემდეგ კი იუსტიციის საბჭო იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. მოსამართლის თავმჯდომარედ დასანიშნად საჭიროა იუსტიციის საბჭოს სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერა.

რაც შეეხება უზენაეს სასამართლოს, თავდაპირველად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთაგან იუსტიციის საბჭო არჩევს შესაბამის კანდიდატს და წარუდგენს საქართველოს პარლამენტს ასარჩევად. თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა 10 წელს შეადგენს, მაგრამ მოსამართლეს ამ თანამდებობაზე ყოფნა შეუძლია არაუმეტეს მისი, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, უფლებამოსილების ვადით. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს.

თუ სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვა გსურთ, სასარჩელო ფორმებს ნახავთ უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე მოცემულ ბმულზე. სარჩელის ფორმა უნდა შეარჩიოთ იმის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალს განეკუთვნება თქვენი მოთხოვნა (ესე იგი, საჯარო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობს თქვენი დავა) თუ სამოქალაქო სამართალს (ესე იგი, თქვენი დავა კერძო სამართლებრივი ბუნებისაა). ამავე ბმულზე მოცემულია, როგორც რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, ისე სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში შესატანი სარჩელისა თუ შესაგებლის ფორმები. შეგახსენებთ, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლოში (რაიონულ ან საქალაქო სასამართლოში) თქვენი პოზიციის წარდგენა შეგიძლიათ როგორც თავად, ასევე სხვა ნებისმიერი მესამე პირის დახმარებით. ამ ეტაპზე აუცილებელი არ არის რომ ამ პირს ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა ჰქონდეს ჩაბარებული. რაც შეეხება მეორე და მესამე ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობას, თუკი გადაწყვეტთ რომ თქვენი ინტერესები სხვა პირმა დაიცვას, მაშინ ამ უკანასკნელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ჩაბარებული ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა შესაბამისი სპეციალიზაციით.

გაითვალისწინეთ, რომ უმეტეს შემთხვევაში დავებთან მიმართებით აუცილებელია სახელმწიფო ბაჟის, წინასწარ გარკვეული პრინციპით ან ზუსტად განსაზღვრული ოდენობის თანხის გადახდა სარჩელის შეტანამდე და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დართვა სარჩელზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს არ მიიღებს წარმოებაში. სახელმწიფო ბაჟის ოდენობები განსხვავებულია ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის. ზუსტ ოდენობებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლში ნახავთ. სასამართლოების სახაზინო კოდებს კი იხილავთ ამ ბმულზე. ამასთან, შეგიძლიათ სახელმწიფო ბაჟის გამოსათვლელად გამოიყენოთ სპეციალური პროგრამაც.

უნდა აღინიშნოს, რომ კანონი ზოგიერთი კატეგორიის დავაზე ბაჟის გადახდისგან შესაძლოა გათავისუფლებდეთ. მაგალითად, მოსარჩელეები გათავისუფლებული არიან ბაჟის გადახდისაგან ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე, ან დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სარჩელებზე, დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების სარჩელებზე და სხვა. უფრო დეტალური ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლში.

გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენ არ გაქვთ სათანადო მატერიალური მდგომარეობა, შეგიძლიათ სასამართლოს მიმართოთ სასამართლო ხარჯების გადახდისგან გათავისუფლების შესახებ განცხადებით. თუმცა, უნდა დაასაბუთოთ ამ ხარჯების გადახდის შეუძლებლობა და წარუდგინოთ სასამართლოს უტყუარი მტკიცებულებები. აღნიშნულის შემდეგ თქვენი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლოს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაგათავისუფლოთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

სასამართლო სისტემაში ფუნქციონირებს სასამართლო საქმის ელექტრონული სერვისი (https://www.ecourt.ge/), რაც გულისხმობს, რომ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ონლაინ რეჟიმით დაამყაროს ურთიერთობა სასამართლოსთან – წარადგინოს განაცხადი, მიიღოს ინფორმაცია საქმის რეგისტრაციისა და მსვლელობის შესახებ. საქმის რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირება უფასოა. თუმცა, დადგენილია მომსახურების პირობები და ტარიფები ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, რომელსაც იმავე გვერდზე იხილავთ.

საერთო სასამართლოებში საქმისწარმოება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე. ამასთანავე, მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში არსებობს საგამოძიებო კოლეგია. ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქმის განხილვისას ერთ-ერთი მხარე აუცილებლად ადმინისტრაციული ორგანოა, ხოლო დავის შინაარსი – საჯარო სამართლებრივი შინაარსის საქმიანობიდან გამომდინარეობს (მაგ: კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ბრძანების გამოცემა/არგამოცემის საკითხი, ბრძანების ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება და ასე შემდეგ) რაც შეეხება სამოქალაქო სამართალწარმოებას, აქ უმეტეს შემთხვევაში ორივე მხარე კერძო პირია (თუმცა  შეიძლება სამოქალაქო სამართლებრივი დავა ადმინისტრაციულ ორგანოსა და კერძო პირსაც შორის წარმოიშვას), რომელთა შორისაც დავა კერძო სამართლებრივი ურთიერთობიდან არის წარმოშობილი (მაგ: სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება, განქორწინება ან სხვა).

  • სარჩელის წერილობითი ფორმით შეტანა სასამართლოში და სასამართლოს კანცელარიის მიერ მისი რეგისტრაცია;
    • გაითვალისწინეთ! ზოგიერთ შემთხვევაში, ადმინისტრაციული დავების დროს კანონი ზემდგომ ორგანოსთან ერთჯერადად გასაჩივრების ვალდებულებას ითვალისწინებს და მხოლოდ ამის შემდგომ შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს.
  • სასამართლოს მიერ სარჩელის წარმოებაში მიღება ან ხარვეზის დადგენა და მის აღმოსაფხვრელად ვადის მიცემა მხარისათვის;
  • მოპასუხის მიერ შესაგებლის (ე.ი. მოსარჩელის მოთხოვნებთან მიმართებით თავისი პასუხის) ან/და საპასუხო სარჩელის წარმოდგენა სასამართლოში. ამ დოკუმენტ(ებ)ის მოსარჩელესათვის გადაგზავნა;
  • თუ წარმოდგენილი წერილობითი მასალები მოსამართლეს აძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ შეიძლება მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ, მოპასუხემ ცნოს სარჩელი ან მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, აგრეთვე თუ, მოსამართლის აზრით, სასამართლო განხილვისათვის საქმის სათანადოდ მომზადების ინტერესები ამას მოითხოვს, მოსამართლე უფლებამოსილია მხარეთა წერილობითი მასალების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში დანიშნოს მოსამზადებელი სხდომა ან მხარეებთან სატელეფონო გასაუბრება ან ვიდეოკონფერენცია, რის შესახებაც განჩინების მიღებიდან 3 დღის ვადაში ეცნობებათ მხარეებს.
  • თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე ან მხარეები მორიგდებიან, მოსამართლე გამოიტანს განჩინებას საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. მორიგების შემთხვევაში ამავე განჩინებით სასამართლო დაამტკიცებს მორიგების პირობებს. იგივე წესი გავრცელდება სასამართლო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე.
  • თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
  • საქმის განხილვა მთავარ სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით (რაც შესაძლოა რამდენიმე სხდომის განმავლობაშიც გაგრძელდეს. მთავარ სხდომაზე მხარეები წარმოადგენენ თავიანთ პოზიციებსა და შესაბამის მტკიცებულებებს, ასევე, ჰკითხავენ მოწმეებს). მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ, რომ სასამართლომ მათი დავა განიხილოს არა სასამართლო დარბაზში, მათი უშუალო, ფიზიკური მონაწილეობით, არამედ ამის გარეშე (ამას მხარეთა პოზიციების ზეპირად მოსმენის გარეშე სხდომის ჩატარება ეწოდება);
  • საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანა და მხარეთათვის ჩაბარება.

საქართველოს სასამართლოებში საქმისწარმოებასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და დოკუმენტების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე.

  • ბრალდებულის პირველი წარდგენა სასამართლოში – დაკავებიდან არა უგვიანეს 48 საათისა პროკურორი გამოძიების ადგილის მიხედვით მაგისტრატ მოსამართლეს წარუდგენს შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის წარდგენიდან არა უგვიანეს 24 საათისა მაგისტრატი მოსამართლე ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით:

    • არკვევს ბრალდებულის ვინაობას;
    • არკვევს, ესმის თუ არა ბრალდებულს სისხლის სამართლის პროცესის ენა;
    • ბრალდებულს განუმარტავს ბრალდების არსს და მის უფლებებს, მათ შორის, წამებისა და არაჰუმანური მოპყრობისათვის საჩივრის (სარჩელის) შეტანის უფლებას;
    • ბრალდებულს აცნობებს ბრალდებით გათვალისწინებული სასჯელის სახეს და ზომას;
    • არკვევს საპროცესო შეთანხმების დადების შესაძლებლობას და მხარეთა თანხმობის შემთხვევაში იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას;
    • იხილავს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობას;
    • ბრალდებულისგან არკვევს, აქვს თუ არა რაიმე საჩივარი ან შუამდგომლობა მისი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით;
    • ახორციელებს ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

    წინასასამართლო სხდომა – რა დროსაც მოსამართლე არკვევს, ცნობს თუ არა ბრალდებული თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და რა მოცულობით, ასევე, საპროცესო შეთანხმების დადების შესაძლებლობას. ამასთან, თუ ბრალდებულს ბრალი წაუყენეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადი დანაშაულის ჩადენისათვის, მოსამართლე ბრალდებულს განუმარტავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დებულებებს და მასთან დაკავშირებულ ბრალდებულის უფლებებს. ამ სხდომაზე მოსამართლე განიხილავს მხარეთა შუამდგომლობებს მტკიცებულებათა დასაშვებობის შესახებ, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ და ა.შ.;

    საქმის არსებითად განხილვა უწყვეტად, საჯარო ან გარკვეულ შემთხვევებში დახურულ სხდომაზე. სხდომის თავმჯდომარე მოსამართლე ადგენს ბრალდებულის ვინაობას და განუმარტავს მას უფლებებს, ბრალდების არსს, მოსალოდნელი სასჯელის მინიმუმსა და მაქსიმუმს, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით. იგი კვლავ არკვევს, ცნობს თუ არა ბრალდებული თავს დამნაშავედ და თუ ცნობს – რაში, ასევე, საპროცესო შეთანხმების დადების შესაძლებლობას. არსებითი სხდომა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

    • მხარეები გამოდიან შესავალი და დასკვნითი სიტყვებით, გამოიკვლევენ მტკიცებულებებს, ჰკითხავენ როგორც თავიანთ, ისე მოწინააღმდეგე მხარის მოწმეებს;
    • სასამართლოს თათბირი ადგილზე ან სათათბირო ოთახში ბრალდებულის საბოლოო სიტყვის მოსმენის შემდეგ;
    • გადაწყვეტილების გამოცხადება და დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარება.

    სასამართლოში საქმისწარმოება, რომელიც არ გამოირჩევა განსაკუთრებული სირთულით, კანონის მიხედვით, არაუმეტეს 2 თვეში უნდა დასრულდეს. თუმცა, რეალურად საქმეთა განხილვა სასამართლოში წლობით ჭიანურდება. ამის მიზეზი მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობა და სასამართლოში საქმეთა დიდი ნაკადია. მიუხედავად მოსამართლეთა ვაკანსიის არსებობისა, სისტემაში ახალი კადრების შედინების პროცესი წლებია, ფაქტობრივად, შეფერხებით მიმდინარეობს.

    საქართველოს სასამართლოებში საქმისწარმოებასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და დოკუმენტების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე.

  • საგამოძიებო კოლეგიები თბილისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობაში შედის და იგი პირველი ინსტანციის სასამართოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებების ნაწილს განიხილავს. კერძოდ, საგამოძიებო კოლეგიაში შეიძლება გასაჩივრდეს:

    • მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის გამოკითხვის შუამდგომლობის არ დაკმაყოფილების შესახებ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება;
    • ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ გამოცემული განჩინება. აღნიშნული უფლება პირს აქვს როგორც სამართალწარმოების მიმდინარეობის, ასევე მისი დასრულების შემდეგაც;
    • სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შეგნებულად გაჭიანურების თაობაზე გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება;
    • აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინება;
    • წინასასამართლო სხდომის მოსამართლის განჩინება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ;
    • წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილება მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის შესახებ.
  • თუ თქვენ ხართ სასამართლო პროცესის მონაწილე – მხარე ან მოწმე, მაშინ მნიშვნელოვანია, იცოდეთ თქვენი უფლებები და მოვალეობები სასამართლოში საქმის განხილვის პროცესში. ქვემოთ ვეცდებით ძირითადი მათგანის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია.

    ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართლებრივ საქმეებზე მხარეებს უფლება აქვთ:

    • აწარმოონ საქმე პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით;
    • შეცვალონ თავიანთი მოთხოვნა ან მისი საფუძველი – კანონის ნორმა, რომელსაც აყრდნობენ თავიანთ მოთხოვნას;
    • გაადიდონ ან შეამცირონ სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა – მოითხოვონ უფრო მეტი რამ, ან, პირიქით, უარი თქვან გარკვეულ მოთხოვნაზე;
    • დაამთავრონ საქმე ერთმანეთთან მორიგებით საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე;
    • მოსარჩელეს უფლება აქვს, უარი თქვას თავის სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი;
    • გაეცნონ საქმის მასალებს, გააკეთონ ამონაწერები ამ მასალებიდან, გადაიღონ ასლები;
    • განაცხადონ მოსამართლის, ექსპერტის და ა.შ. აცილება;
    • წარადგინონ მტკიცებულებები და მონაწილეობა მიიღონ მათ გამოკვლევაში, შეკითხვები დაუსვან მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს;
    • სასამართლოს წინაშე განაცხადონ შუამდგომლობები, უარყონ მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები;
    • მისცენ სასამართლოს ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებები, წარადგინონ თავიანთი დასკვნები და გამოთქვან მოსაზრებები საქმის განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე;
    • გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები და განჩინებები ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში და ა.შ.

    ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართლებრივ საქმეებზე მხარეებს ეკისრებათ შემდეგი საპროცესო მოვალეობები:

    • მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების ან შესაგებლის დასაბუთების მიზნით;
    • დაამტკიცონ მათ მიერ მითითებული ფაქტები;
    • კეთილსინდისიერად გამოიყენონ თავიანთი საპროცესო უფლებები და სხვა.

     

    სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულს შემდეგი უფლება-მოვალეობები აქვს:

    • დაკავების მომენტში ან ბრალდებულად ცნობისთანავე, დაუყოვნებლივ, ასევე, ნებისმიერი დაკითხვის წინ მისთვის გასაგებ ენაზე ეცნობოს რომელი დანაშაულის ჩადენაში არსებობს მის მიმართ დასაბუთებული ვარაუდი; რომ მას აქვს უფლება ადვოკატზე, დუმილისა და კითხვებზე პასუხის გაცემისაგან თავის შეკავების უფლება; არ დაიბრალოს დანაშაული და რომ ყველაფერი, რასაც იტყვის, შესაძლებელია მის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული;
    • დაპატიმრებისას მისი მოთხოვნის გარეშე, ხოლო დაკავებისას მისი მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამის დაწესებულებაში მიყვანისთანავე მიიღოს უფასო სამედიცინო შემოწმება;
    • აირჩიოს, იყოლიოს და შეიცვალოს ადვოკატი ნებისმიერ დროს. თუ მას არ აქვს შესაბამისი სახსრები, უფლება აქვს დაენიშნოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე. ასევე, უფლება აქვს, უარი თქვას ადვოკატის მომსახურებაზე და დამოუკიდებლად დაიცვას თავი;
    • ჰქონდეს გონივრული დრო და საშუალება დაცვის მომზადებისათვის;
    • ჰქონდეს კონფიდენციალური ურთიერთობა ადვოკატთან;
    • დამოუკიდებლად ან ადვოკატის მეშვეობით ჩაატაროს გამოძიება, კანონიერად მოიპოვოს და წარადგინოს მტკიცებულება;
    • დაკითხვის ან სხვა საგამოძიებო მოქმდების ჩატარებისას ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით სახელმწიფოს ხარჯზე;
    • დაკავებისთანავე ან დაპატიმრების შემთხვევაში თავისი ოჯახის წევრს ან ახლო ნათესავს შეატყობინოს აღნიშნულის შესახებ, უთხრას თავისი ადგილსამყოფელი, მდგომარეობა;
    • გაეცნოს ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, მიიღოს მტკიცებულებებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები;
    • გაასაჩივროს გამომძიებლის მოქმედება პროკურორთან, პროკურორის მოქმედება და გადაწყვეტილება – ზემდგომ პროკურორთან ან სასამართლოში.
    • გაასაჩივროს სასამართლო გადაწყვეტილება და მიიღოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი და ა.შ.

     

    რაც შეეხება მოწმეთა უფლებებს, ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართლებრივ საქმეებზე მოწმეებს უფლება აქვთ:

    • მისცენ ჩვენება მშობლიურ ენაზე;
    • მიიღონ ანაზღაურება სასამართლოში გამოცხადებისათვის გაწეული მგზავრობისა და საცხოვრებელი სადგომის დაქირავებისთვის, ასევე, მიიღონ დღიური თანხა;
    • შეუნარჩუნდეთ საშუალო ხელფასი, ხოლო თუ ისინი არ არიან შრომით ურთიერთობაში, მაშინ მათ სამუშაოდან ან ჩვეულებრივი საქმიანობიდან მოცდენისათვის აქვთ გასამრჯელოს მიღების უფლება ფაქტობრივად დახარჯული დროისა და შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობის გათვალისწინებით.

    ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართლებრივ საქმეებზე მოწმეები ვალდებული არიან:

    • გამოცხადდნენ სასამართლოში დანიშნულ დროს;
    • მისცენ სწორი ჩვენება.

    სისხლის სამართლის საქმეში მოწმეს უფლება აქვს:

    • იცოდეს, რა საქმის გამოა გამოძახებული;
    • თუ არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა ან აქვს შესაძლებლობის იმგვარი შეზღუდვა, რომელიც ჟესტური ენის გარეშე მასთან კომუნიკაციას გამორიცხავს, ჩვენება მისცეს მშობლიურ ან მისთვის სასურველ სხვა ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით სახელმწიფოს ხარჯზე;
    • არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს;
    • მოითხოვოს დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება და სხვა.

    სისხლის სამართლის საქმეში მოწმე ვალდებულია:

    • გამოცხადდეს სასამართლოს გამოძახებით;
    • უპასუხოს დასმულ შეკითხვებს;
    • არ გაამჟღავნოს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებები, თუ იგი ამის შესახებ გააფრთხილა სასამართლომ;
    • დაიცვას წესრიგი საქმის სასამართლო განხილვის დროს;
    • სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე არ დატოვოს სასამართლო სხდომის დარბაზი.

     

    • რის საფუძველზე უნდა იღებდეს მოსამართლე გადაწყვეტილებას და როგორია მისი პროფესიული ეთიკის/ქცევის წესები (პრინციპები)?

    მოსამართლის ქცევა, რომელიც სასამართლოს სახეს წარმოადგენს, საზოგადოებრივ ცხოვრებაში თავისი მაღალი სტატუსისა და პასუხისმგებლობებიდან გამომდინარე, გარკვეული ეთიკური პრინციპებით (ბანგალორის პრინციპები) არის შეზღუდული. მათი დაცვა ყველა მოსამართლის ვალდებულებაა, ხოლო დარღვევამ შესაძლოა მოსამართლეზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება გამოიწვიოს. ეს პრინციპები ადგენს, რომ მოსამართლე თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, იგი მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს უნდა ემორჩილებოდეს და გადაწყვეტილებას გარეშე პირების ზეგავლენისგან თავისუფლად, მხოლოდ კანონის საფუძველზე უნდა იღებდეს. მნიშვნელოვანია მოსამართლის შეუვალობაც, მისმა ქცევამ და მოქმედებამ უნდა განამტკიცოს საზოგადოების ნდობა სასამართლოს შეუვალობის მიმართ – „მართლმსაჯულება არა მხოლოდ უნდა აღსრულდეს, არამედ უნდა გამოჩნდეს, როგორც აღსრულებული“. გარდა ამისა, მოსამართლეს მოეთხოვება წესიერება და წესიერების გამოჩენა ყოველგვარ საქმიანობაში. მისი ქცევა უნდა შეესაბამებოდეს სამოსამართლო თანამდებობის ღირსებას. იგი თანასწორად უნდა მოეპყრას მის წინაშე წარდგენილ მხარეებს, არ მიანიჭოს რომელიმე მათგანს უპირატესობა. ამასთან, თავისი ფუნქციების ჯეროვნად განსახორციელებლად მოსამართლეს უნდა ჰქონდეს სათანადო კომპეტენცია და გულისხმიერება.

მოსამართლის როლი განსხვავებულია იმის მიხედვით, იგი სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს,  სამოქალაქოს თუ ადმინისტრაციულს. სამოქალაქო და სისხლის სამართალში მოქმედებს შეჯიბრებითობის პრინციპი, მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული სამართალი სრულად შეჯიბრებითი არაა და ინკვიზიურობის პრინციპსაც ეფუძნება.

შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს, რომ სასამართლოში საქმის წარმოებისას მოსამართლე ასრულებს ნეიტრალური არბიტრის როლს. ე.ი. თავისი ინიციატივით არ უსვამს (სისხლის სამართლის საქმეში) ან მხოლოდ გარკვეულ შემთხვევაში უსვამს (სამოქალაქო სამართლებრივ საქმეში) მხარეებს შეკითხვებს, თავისი ინიციატივით არ მოიპოვებს და გამოიკვლევს დამატებით მტკიცებულებებს. შესაბამისად, ამგვარი პროცესი ეფუძნება მხარეთა თანასწორობას და თავიანთი პოზიციის დასასაბუთებლად საჭირო მტკიცებულებების მოპოვება და წარდგენა სწორედ მხარეთა პასუხისმგებლობაა. ისინი სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მოსამართლე ვალდებულია მხარეებს თავიანთი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად შეუქმნას თანაბარი შესაძლებლობები ისე, რომ არც ერთ მათგანს არ მიანიჭოს უპირატესობა.

რაც შეეხება ადმინისტრაციული სამართლის საქმეებს, აქ მოსამართლე შედარებით მეტი დისკრეციით სარგებლობს მართალია, მხარეებს ამ შემთხვევაშიც აქვთ იგივე უფლებები, რაც ზემოთ აღინიშნა, თუმცა, ადმინისტრაციული სამართლის პროცესი სრულად შეჯიბრებითი არაა, მასში ინკვიზიციურობის პრინციპის ელემენტებიცაა. აღნიშნული მოსამართლეს უფლებას აძლევს, განცხადების დასაბუთებულობის შესამოწმებლად, მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით გამოიძახოს და დაჰკითხოს ნებისმიერი პირი, მხარეებს მიმართოს წინადადებით, წარმოადგინონ საჭირო დოკუმენტები, მტკიცებულებები, აგრეთვე მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით გამოითხოვოს საქმის განხილვისთვის საჭირო დოკუმენტები და მტკიცებულებები.

საინტერესოა მოსამართლის როლი ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესშიც. მისი როლი უფრო პასიურია, ვიდრე სხვა სისხლის სამართლის საქმეების განხილვისას. მოსამართლის ჩართულობა გამოიხატება ნაფიც მსაჯულთა კანდიდატთა შერჩევასთან დაკავშირებული საკითხებით (სიის შედგენა, ნაფიცი მსაჯულების კანდიდატთა მიერ შესავსები კითხვარის დამტკიცება და სხვა ორგანიზაციული საკითხები), ასევე, მის უფლებამოსილებებში შედის გარკვეულ პირობებში ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებისგან გათავისუფლება, ნაფიც მსაჯულთაგან უფროსი მსაჯულის დანიშვნა, ნაფიცი მსაჯულებისადმი სხვადასხვა ტიპის განმარტებების გაკეთება, მათ შორის გამოსაყენებელი კანონისა და სხდომაზე განხილული მტკიცებულებების შეფასების წესი, ვერდიქტის გამოტანის წესის შესახებ და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში ბრალდებულის დამნაშავეობა-უდანაშაულობას ნაფიცი მსაჯულები წყვეტენ და არა მოსამართლეები, სხდომის თავმჯდომარე მოსამართლე უფლებამოსილია, გააუქმოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გამამტყუნებელი ვერდიქტი. კერძოდ, თუ იგი აშკარად ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა ერთობლიობას, უსაფუძვლოა და გამამტყუნებელი ვერდიქტის გაუქმება სამართლიანი მართლმსაჯულების აღსრულების ერთადერთი შესაძლებლობაა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ნაფიც მსაჯულთა მიერ გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოტანის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე მოსამართლის კომპეტენციაში შედის ბრალდებულისთვის სასჯელის დანიშვნა ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული სასჯელის შემსუბუქების ან დამძიმების რეკომენდაციის გათვალისწინებით. ამასთან, მას არ ევალება ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის დასაბუთება, მოტივაციის მითითება საჭიროა მხოლოდ სასჯელის ნაწილში.

რაც შეეხება მოსამართლის როლს საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში ბრალდებულს შესაძლოა შეუმცირდეს სასჯელი ან შეუმსუბუქდეს ან ნაწილობრივ მოეხსნას ბრალდება. ამ შეთანხმების მნიშვნელობიდან გამომდინარე, კანონი მოითხოვს, რომ სავალდებულოა ბრალდებულს ყავდეს ადვოკატი, როდესაც მასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე და შემდგომში ეს შეთანხმება მოსამართლემ დაამტკიცოს. დამტკიცებამდე მოსამართლე გარკვეულ საკითხებში უნდა დარწმუნდეს. მაგალითად, რომ ბრალდებულმა ყოველგვარი ზეწოლის გარეშე თავისუფალი ნების გამოხატვის შედეგად, ნებაყოფლობით დადო იგი, აცნობიერებდა მის შედეგებსა და თავის უფლებებს, რომ საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და ა.შ. ხაზგასასმელია, რომ მოსამართლე საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული, დაამტკიცოს ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმება.

დღესდღეობით, ზოგადი წესის თანახმად, სასამართლოში საქმეები საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ნაწილდება. ეს გულისხმობს, რომ სასამართლოში შესული საქმე არა წინასწარგანსაზღვრულ მოსამართლეს, არამედ შემთხვევით შერჩეულ მოსამართლეს უნდა დაეწეროს. აღნიშნული სისტემა მოსამართლეებს შორის საქმეების თანაბრად განაწილებისა და მეტ-ნაკლებად ერთნაირი დატვირთვის უზრუნველსაყოფად შეიქმნა. ამასთანავე, იმისთვისაც, რომ აღკვეთილიყო საქმეთა განაწილებაზე გარეშე პირების მხრიდან ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა (უმეტესწილად, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებთან მიმართებით). თუმცა, მიუხედავად ამ მიზნებისა, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ელექტრონული განაწილების სისტემა დეფექტიანია და კვლავ იძლევა სხვადასხვა მანიპულაციის განხორციელების შესაძლებლობას.

დღესდღეობით, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, მიიღოთ უფასო იურიდიული დახმარება გარკვეული ორგანიზაციებისაგან, რომელთა რაოდენობა საკმაოდ დიდია და დეტალურად მოცემულ ბმულზე ნახავთ.

უფასო იურიდიული დახმარების სერვისი აქვს ასევე იურიდიული დახმარების სამსახურს, რომელიც იურიდიულ კონსულტაციას უწევს ნებისმიერ პირს ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე (განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს). ასევე, ეხმარება მას სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენაში, გარკვეულ საქმეებზე უწევს სასამართლოში წარმომადგენლობას და ა.შ. უფრო დეტალურ ინფორმაციას მოცემულ ბმულზე ნახავთ.

გარდა ამისა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ ადვოკატთა სია, რომელთაც ჩაბარებული აქვთ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა, ნახოთ მათი პროფილები, რა/რომელ საქმეებს აწარმოებენ, შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ადვოკატი და პირადად დაუკავშირდეთ მათ.

როდესაც პირველი ან მეორე ინსტანციის სასამართლოში თქვენი საქმის წარმოება არ დასრულდა თქვენთვის სასურველი შედეგით, შეგიძლიათ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროთ, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უზენაეს სასამართლოში. უპირველეს ყოვლისა, სააპელაციო და საკასაციო საჩივრები უნდა შეიტანოთ იმავე სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილებასაც ასაჩივრებთ. მაგალითად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი სწორედ თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა შეიტანოთ. აღნიშნული სასამართლოები შემდგომ თავად იზრუნებენ თქვენი სააპელაციო თუ საკასაციო საჩივრისა და ყველა დამატებითი მასალის სააპელაციო თუ უზენაესი სასამართლოსთვის გადაცემაზე.

უნდა გაითვალისწინოთ, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანა სამოქალაქო სამართლის საქმეზე, რომელიც ქონებრივ დავას შეეხება, დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საგნის ღირებულება, რომელზეც მიმდინარეობს დავა, 2000 ლარს აღემატება. საკასაციო საჩივარი კი დაშვებულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე, ასევე, თუ საქმე ისეთ სამართლებრივ პრობლემას მოიცავს, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, ამასთან, თუ მანამდე უზენაეს სასამართლოს არ მიუღია გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე და ა.შ. ადმინისტრაციულ საქმეზე სააპელაციო და საკასაციო საჩივრები დასაშვებია, მიუხედავად სარჩელის ფასისა. სისხლის სამართლის საქმეზე სააპელაციო საჩივარი შეიტანება, თუ პირს სასამართლოს განაჩენი უკანონოდ ან/და დაუსაბუთებლად მიაჩნია. ხოლო უზენაეს სასამართლოში – თუ პირს მიაჩნია, რომ განაჩენი უკანონოა. უკანონოდ ჩაითვლება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებითი დარღვევა, რაც არ გამოუვლენია სასამართლოს ან დაუშვა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს, ან თუ მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიეცა, ან სასჯელის ისეთი სახე ან ზომა გამოიყენა სასამართლომ, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს ასევე ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის წესს. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობით შეიძლება მიმართოს პროკურორმა, მსჯავრდებულმა ან/და მისმა ადვოკატმა, ხოლო მსჯავრდებულის გარდაცვალების შემთხვევაში – მისმა კანონიერმა მემკვიდრემ ან/და მისმა ადვოკატმა. მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდება და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუკი:

  • სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
  • არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
  • სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
  • არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
  • არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
  • არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
  • ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
  • წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
  • წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;
  • არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებთან მიმართებით უნდა აღინიშნოს, რომ თუ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებას არ ესწრებოდით, მაშინ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის თქვენთვის გადმოცემის/ჩაბარების მომენტიდან იწყება და 14 დღეს შეადგენს. ხოლო თუ ესწრებოდით, მაშინ ამ ვადის ათვლა იწყება ასეთი გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან. სისხლის სამართლის საქმეზე სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 1 თვეა.

გაითვალისწინეთ, რომ უზენაეს სასამართლოში საჩივრის მიმართ უფრო მაღალი სტანდარტია კანონმდებლობით დადგენილი და მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევებში იღებს სასამართლო განსახილველად საჩივარს (საკასაციო საჩივარს). ამ სასამართლოს შემთხვევაშიც ანალოგიურად იმავე სასამართლოში უნდა შეიტანოთ საკასაციო საჩივარი, რომლის გადაწყვეტილებასაც ასაჩივრებთ (ე.ი. ან თბილისის, ან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში). საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა 21 დღეა და მისი ათვლის წესი იგივეა, რაც სააპელაციო საჩივრის შემთხვევაში.

სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის საკითხი უშუალოდაა დაკავშირებული იმასთან, შესაძლებელია თუ არა მხარეების მიერ მისი გასაჩივრება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში და იყენებენ თუ  არა მხარეები ამ უფლებას. ასევე, იმაზეც უცვლელი დარჩა თუ შეიცვალა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. უფრო კონკრეტულად:

  • უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე, რადგან იგი საბოლოო ინსტანციის სასამართლოა, რომლის გადაწყვეტილების გასაჩივრება დაუშვებელია;
  • სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, თუ ის მხარეებს არ გაუსაჩივრებია უზენაეს სასამართლოში, კანონიერ ძალაში შედის ამგვარი გასაჩივრებისთვის დადგენილი 21-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ. ხოლო თუ გადაწყვეტილება გასაჩივრდა და უზენაესმა სასამართლომ არ გააუქმა იგი, მაშინ ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვის დასრულების შემდეგ. გარდა ამისა, მხარეებს შეუძლიათ წერილობითი ფორმით განაცხადონ უარი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებაზე, რა შემთხვევაშიც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევა მისი გამოცხადების თარიღიდან;
  • რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე იმ შემთხვევაში, თუ კანონი არ უშვებს მის გასაჩივრების შესაძლებლობას სააპელაციო სასამართლოში. ასევე, თუ გავიდა ამგვარი გასაჩივრების 14-დღიანი ვადა ისე, რომ  მხარე(ებ)ს ის არ გაუსაჩივრებია. თუკი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრდა, მაგრამ იგი არ შეცვალა სააპელაციო სასამართლომ, მაშინ ის კანონიერ ძალაში შევა სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი შესაბამისი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. გარდა ამისა, მსგავსად უზენაესი სასამართლოსი, ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის ერთ-ერთი საფუძველია 1-ლი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარეთა მიერ წერილობითი ფორმით გაცხადებული უარი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ნიშნავს გადაწყვეტილებაში მითითებული შედეგის რეალურად შესრულებას. აღსრულების საკითხს განიხილავს და წყვეტს იგივე სასამართლო. განხილვა შესაძლოა შედგეს მხარეთა მონაწილეობით, ან მის გარეშე. თუ სასამართლო გადაწყვეტს სხდომის ჩატარებასა და მხარეების მოსმენას, მაშინ იგი აცნობებს მხარეებს სხდომის ჩატარების დროსა და ადგილს. გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომლის გასაჩივრება შესაძლებელია იმავე სასამართლოში კერძო საჩივრის შეტანით. კერძო საჩივრის შეტანის უფლება აქვთ მხარეებს, რომელთა მიმართაცაა განჩინება გამოტანილი, ან პირებს რომელთაც უშუალოდ ეხებათ იგი.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები გარკვეულ საქმეებზე. მაგალითად, გადაწყვეტილებები ალიმენტის მიკუთვნების შესახებ, დასაქმებულისთვის არაუმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ, სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი თანამშრომლის სამუშაოზე აღდგენის შესახებ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ და ა.შ. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შესაძლოა სასამართლომ იმავე სხდომაზე განიხილოს, რომელზეც ეს გადაწყვეტილება გამოიტანა. თუ იმავე სხდომაზე არ განიხილა აღნიშნული საკითხი, მაშინ მას, როგორც წესი, შეუძლია მხარეების მონაწილეობისა და მოსმენის გარეშე განიხილოს იგი, ან ჩანიშნოს ახალი სხდომა, რის დროსა და ადგილს სასამართლო  აცნობებს მხარეებს. ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია სასამართლოს ეს განჩინება გასაჩივრდეს იმავე სასამართლოში კერძო საჩივრით, თუმცა, გასაჩივრება არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას.

იმ შემთხვევაში, თუ მიგაჩნიათ, რომ მოსამართლემ დაარღვია თქვენი, როგორც პროცესის მონაწილის უფლებები, შეგიძლიათ მის წინააღმდეგ საჩივარი ან განცხადება დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურში შეიტანოთ. დამოუკიდებელი ინსპექტორი არის ორგანო, რომელმაც მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩადენის შემთხვევაში ობიექტურად, მიუკერძოებლად და სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს ეს დისციპლინური გადაცდომა. თუმცა, უშუალოდ დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს.

მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება პირის არაანონიმური საჩივარის/განცხადების საფუძველზე იწყება. საჩივრის წარდგენისას აუცილებელია იგი შევსებული იქნას სპეციალურ ფორმაში, რომელიც დამოუკიდებელი ინსპექტორის ვებგვერდზეა განთავსებული. მასში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული მოსამართლის ვინაობა და დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩადენის ფაქტი. მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას დისციპლინური სამართალწარმოების შედეგად დაუდგინდება საქართველოს ორგანული კანონის „საერთო სასამართლოების შესახებ“ 751 მუხლში მითითებული რომელიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენა. 

მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან ამ გადაცდომაზე დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებამდე გასულია 3 წელი, ხოლო მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან – 1 წელი. დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი კონფიდენციალურია.

დამოუკიდებელი ინსპექტორის უახლესი ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტი საჩივარი  სასამართლოში მოსამართლის მიერ საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადის არასაპატიო მიზეზით არსებითად დარღვევის გამო შევიდა. აქ მათ შორის, უმეტესწილად, საქმის განხილვის გაჭიანურება და დადგენილ ვადაში განხილვის დაუსრულებლობა იგულისხმება.

არბიტრაჟი დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებაა. აღნიშნული გულისხმობს, რომ მხარეებს შეუძლიათ მათ შორის დავის მოსაგვარებლად მიმართონ არა სასამართლოს, არამედ სხვა ისეთ ინსტიტუტებს, როგორიცაა, მაგალითად, არბიტრაჟი. დავის გადაწყვეტის ეს გზა კერძო პირებს შორის ქონებრივი დავების გადასაწყვეტად გამოიყენება. არბიტრაჟის ორგანიზაციული მოწყობა და ფუნქციონირება ძალიან ჰყავს სასამართლოსას. მისი უპირატესობა, როგორც წესი, ისაა, რომ დავის გადაწყვეტა უფრო მოკლე ვადებში და კონფიდენციალურადაა შესაძლებელი, მხარეები უშუალოდ არიან ჩართული არბიტრაჟის შექმნისა და საარბიტრაჟო განხილვის წარმართვის საკითხებში და შესაძლებლობა აქვთ, მათ შორის დარგის ექსპერტებითაც დააკომპლექტონ იგი, რაც არბიტრაჟს უფრო კომპეტენტურს გახდის. არბიტრაჟს მხარეებისთვის მიმზიდველს ხდის ისიც, რომ საარბიტრჟო გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა საარბიტრაჟო შეთანხმების მონაწილე მხარეთათვის. თუმცა, არბიტრაჟი სასამართლოსთან შედარებით უფრო მეტ ხარჯებთანაა დაკავშირებული და მისი  გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხიც გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა პრობლემური გახდეს.

იმისათვის, რათა სამოქალაქო დავა კერძო არბიტრაჟს გადაეცეს, მხარეთა წერილობითი თანხმობაა აუცილებელი. თუ კონკრეტული დავის გადაწყვეტა მხარეებმა არბიტრაჟს მიანდეს, სასამართლო ვერ განიხილავს სარჩელს ამ დავის არსებით საკითხზე, არამედ ვალდებულია შეწყვიტოს წარმოება და მიუთითოს მხარეებს არბიტრაჟზე.

არბიტრაჟი ერთი ან რამდენიმე არბიტრისგან შედგება. არბიტრთა რაოდენობისა და დანიშვნის წესის, ასევე, საარბიტრაჟო განხილვის წესს, გადაწყვეტილების გამოტანის ვადის, საარბიტრაჟო განხილვის ადგილის, ენისა და ფორმის განსაზღვრა თავად მხარეებს შეუძლიათ. სასამართლოს მსგავსად ამ შემთხვევაშიც აქვთ მათ უფლება არბიტრაჟის მიერ საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე ჰყავდეთ ადვოკატი ან სხვა წარმომადგენელი.

გაითვალისწინეთ, რომ არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში გაუქმდეს სასამართლოს მიერ, ან არ მოხდეს მისი ცნობა-აღსრულება.  მაგალითად, თუ მხარე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილი ან ძალადაკარგულია, ან რომ იგი არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული საარბიტაჟო განხილვის შესახებ, არ მიეცა შესაძლებლობა თავისი პოზიციის წარდგენისა და ინტერესების დაცვისთვის და ა.შ. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება შეუძლია სასამართლოს იმ შემთხვევაშიც, თუ საარბიტრაჟო განხილვის საგანი არ შეიძლება ყოფილიყო დავა ან თუ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოში არსებულ საჯარო წესრიგს. თუ რა იგულისხმება საჯარო წესრიგში, ამას სასამართლო ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში განსაზღვრავს.

საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსასრულებლად, თუ იგი საქართველოში იქნა გამოტანილი, მხარემ შუამდგომლობით უნდა მიმართოს სააპელაციო სასამართლოებს, ხოლო თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ – მაშინ საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

მედიაცია, არბიტრაჟის მსგავსად, მხარეთა შორის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებაა და მისთვის მიმართვა სასამართლოსადმი მიმართვამდე (ან მის შემდეგაც) შესაძლებელია. მედიაციის პროცესში მხარეებს კიდევ უფრო მეტი როლი აქვთ დავის გადაწყვეტის საკითხში, ისინი წარმართავენ პროცესს, მედიატორის მთავარი ფუნქცია კი მათი დახმარება და ხელშეწყობაა, გამოარკვიონ სადავო საკითხები, მათი მოგვარების გზები და მივიდნენ კომპრომისამდე. მედიაციაც, არბიტრაჟის მსგავსად, კონფიდენციალური პროცესია, თუმცა, განსხვავებით საარბიტრაჟო გადაწყვეტილებისაგან, მედიაციის შედეგად მხარეთა მიერ მიღწეული შეთანხმება მხოლოდ მაშინაა მხარეებისათვის მბოჭავი (ე.ი. შესასრულებლად სავალდებულო), თუ იგი წერილობითაა გაფორმებული და ხელმოწერილი მხარეების მიერ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მედიაცია ნებაყოფლობითი პროცესია და მხარეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ, შეაჩერონ იგი, თუ მედიაცია ვერ პასუხობს მათ საჭიროებებს, ან შეიტანონ მასში აუცილებელი ცვლილებები.

განასხვავებენ სასამართლო და კერძო მედიაციას. პირველი მათგანი სასამართლოს მიერ საქმის მედიატორთათვის გადაცემის შემთხვევაში იწყება, ხოლო მეორე მხარეთა ინიციატივით ხორციელდება, მედიაციის თაობაზე შეთანხმების საფუძველზე, სასამართლოს მონაწილეობის გარეშე და იწყება მედიატორ(ებ)ისთვის მიმართვის საფუძველზე. მსგავსად არბიტრაჟისა, მედიაციის პროცესიც შესაძლოა წარმართოს ერთმა ან რამდენიმე მედიატორმა. მხარეები მედიატორებს ირჩევენ მედიატორთა ერთიანი რეესტრიდან იმ განსხვავებით, რომ სასამართლო მედიაციისას სასამართლო ადგენს მათთვის ამ რეესტრიდან მედიატორთა სიას, რომლიდანაც უნდა შეარჩიონ კანდიდატები, ხოლო კერძო მედიაციისას – მხარეებს რეესტრიდან ნებისმიერი პირის არჩევა შეუძლიათ.

მსგავსად არბიტრაჟისა, მედიაციის თაობაზე შეთანხმების არსებობისას, რომლითაც მხარეები თანხმდებიან, არ მიმართონ სასამართლოს ან არბიტრაჟს განსაზღვრული ვადის ან გარემოების დადგომამდე, სასამართლო ან არბიტრაჟი არ განიხილავს დავას მედიაციის თაობაზე შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსარჩელე ადასტურებს, რომ სასამართლო ან საარბიტრაჟო განხილვის გარეშე მას გამოუსწორებელი ზიანი მიადგება. მოპასუხემ მედიაციის თაობაზე შეთანხმების შესახებ განცხადება შესაგებლის წარდგენის ვადის გასვლამდე უნდა გააკეთოს.

რაც შეეხება სამედიაციო მორიგების აღსრულებას, იგი შესაძლოა ერთ-ერთი ან ორივე მხარის მიერ სასამართლოსადმი მიმართვის საფუძველზე აღსრულდეს. საერთაშორისო სამედიაციო მორიგების შემთხვევაში მისი ცნობისა და აღსრულების უფლებამოსილება საქართველოს უზენაეს სასამართლოს აქვს.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არის საზოგადოების რიგითი წევრებისგან (ნაფიცი მსაჯულებისგან) შემდგარი სასამართლო, რომელსაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეებზე გამოაქვს შესაბამისი ვერდიქტი ბრალდებულის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის შესახებ. დღესდღეობით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქმეს განიხილავს, თუ წარდგენილია ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ში მუხლში მოცემულ დანაშაულებს შეეხება.

ნაფიცი მსაჯული შეიძლება იყოს:

  • 18 წელს გადაცილებული პირი;
  • რომელმაც იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა;
  • ცხოვრობს აღმოსავლეთ ან დასავლეთ საქართველოში;
  • არ აქვს შესაძლებლობის იმგვარი შეზღუდვა, რომელიც ხელს შეუშლის მის მიერ ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებას.

ნაფიცი მსაჯული არ შეიძლება იყოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, პროკურორი, გამომძიებელი, პოლიციელი, ადვოკატი, მოქმედი სამხედრო მოსამსახურე, სასულიერო პირი, ბრალდებული, ნასამართლევი პირი და ა.შ.

პირს უფლება აქვს, უარი თქვას ნაფიც მსაჯულობაზე, თუ:

  • უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში უკვე იყო ნაფიცი მსაჯული;
  • ასრულებს ისეთ სამუშაოს, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვასთან, და მისი კონკრეტულ პერიოდსა და ვითარებაში შეცვლა შეუძლებელია ან მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევს;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო;
  • ხანგრძლივად იმყოფება ან მიემგზავრება საქართველოს ფარგლებს გარეთ;
  • 70 წელს გადაცილებულია.

ნაფიც მსაჯულსა და მსაჯულობის კანდიდატს გარკვეული სოციალური გარანტიები აქვთ. კერძოდ:

  • უფლება აქვთ დროულად მიიღონ სახელმწიფოსგან ყველა ხარჯის (დღიური, სამგზავრო და სხვა პირდაპირი ხარჯი) ანაზღაურება, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული მათ მიერ საკუთარი მოვალეობის შესრულებასთან;
  • სასამართლო ნაფიცი მსაჯულების თანხმობით უზრუნველყოფს მათ გადაყვანას მათთვის საგანგებოდ გამოყოფილი ტრანსპორტით მათი საცხოვრებელი ან დროებითი განთავსების ადგილიდან შესაბამის სასამართლომდე და უკან;
  • დასაქმებულ პირს ნაფიც მსაჯულად სასამართლო პროცესში მონაწილეობის დროს უნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ანაზღაურება.

რაც შეეხება ნაფიც მსაჯულთა შერჩევას, ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სია თითოეული საქმისათვის ინდივიდუალურად დგება საქართველოს სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებული 18 წელს მიღწეულ მოქალაქეთა სიიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით საქმის განმხილველი მოსამართლის მიერ, მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ. სიაში არაუმეტეს 300 პირია. მათგან უშუალოდ (როგორც წესი) 12 ნაფიცი მსაჯულისა და 2 სათადარიგო მსაჯულის შესარჩევად სპეციალურად ტარდება სასამართლოს სხდომა. აღნიშნულ სხდომაზე თავად ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატებსაც აქვთ უფლება, დააყენონ დასაბუთებული თვითაცილება (ე.ი. დაასაბუთონ, რატომ ვერ იქნებიან ნაფიცი მსაჯულები) და თავად მხარეებსაც აქვთ უფლება, დააყენონ ამა თუ იმ კანდიდატის აცილების შესახებ შუამდგომლობა. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესში მხარეს უფლება აქვს, დააყენოს განუსაზღვრელი რაოდენობის დასაბუთებული აცილების შესახებ შუამდგომლობა და განსაზღვრული რაოდენობის (თუ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს – 10, დანარჩენ შემთხვევებში – 6) დაუსაბუთებელი აცილების შესახებ შუამდგომლობა. ამ დროს მხარეებს უფლება აქვთ, შეკითხვები დაუსვან კანდიდატებს, რომლებზედაც კანდიდატი ვალდებულია სწორი და ამომწურავი პასუხები გასცეს.

საპროცესო შეთანხმება არის დოკუმენტი, რომელშიც ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და უთანხმდება პროკურორს სასჯელზე, ბრალდების შემსუბუქებაზე ან ნაწილობრივ მოხსნაზე, ასევე, თანამშრომლობაზე ან/და ზიანის ანაზღაურებაზე. აღნიშნული შეთანხმება საქმის განხილვის უფრო სწრაფად დამთავრებას უწყობს ხელს, რადგან გამამტყუნებელი განაჩენი გამოდის საქმის არსებითი განხილვის გარეშე, ე.ი. მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე, რის შესახებაც ინფორმირებული უნდა იყოს ბრალდებული.

საპროცესო შეთანხმება იდება ბრალდებულის ადვოკატის უშუალო მონაწილეობით, ბრალდებულის წინასწარი თანხმობით, ზემდგომ პროკურორთან წინასწარი წერილობით შეთანხმებით. საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას პროკურორი ვალდებულია, გააფრთხილოს ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებაც. საპროცესო შეთანხმება პროკურორს უფლებას ანიჭებს, მოითხოვოს ბრალდებულისათვის სასჯელის შემცირება ან ბრალდების შემსუბუქების ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე. ამგვარი მოთხოვნისას პროკურორი სხვადასხვა ფაქტორს ითვალისწინებს, რომელთა შორისაა საჯარო ინტერესი, ჩადენილი დანაშაულისა და მოსალოდნელი სასჯელის სიმძიმე, დანაშაულის ხასიათი, ბრალეულობის ხარისხი, ბრალდებულის საზოგადოებრივი საშიშროება, პიროვნული მახასიათებლები და სხვა. 

საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობით და დამტკიცდეს სასამართლოს მიერ. ამისათვის პროკურორი ადგენს შესაბამის შუამდგომლობას, რომელსაც ბრალდებულის განცხადებასთან ერთად წარუდგენს სასამართლოს. განცხადებაში ბრალდებული ადასტურებს, რომ იგი სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს, მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს, რომ მან ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შედეგად, ნებაყოფლობით განაცხადა თანხმობა, მისი საქმის არსებითი განხილვის გარეშე დასრულების შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ მოსამართლე არ არის ვალდებული, დაამტკიცოს ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმება. ამასთან, ბრალდებულს სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე ნებისმიერ დროს აქვს უფლება, უარი თქვას საპროცესო შეთანხმებაზე, რასაც არ სჭირდება ადვოკატის თანხმობა.

საყურადღებოა, რომ საპროცესო შეთანხმება შესაძლოა გაუქმდეს გარკვეულ შემთხვევებში. მაგალითად, თუ ზემდგომი სასამართლო დაადგენს, რომ იგი იძულებით, მუქარით ან მოტყუებით დაიდო, ან თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა. ასეთ დროს სასამართლო საქმეს პროკურორს უბრუნებს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური ორგანოა, რომელიც სასამართლო ხელისუფლებას საკონსტიტუციო სამართალწარმოების წესით ახორციელებს. საკონსტიტუციო სასამართლო მე-4 ინსტანციის სასამართლო არ არის, მას სრულიად სხვა მოვალეობები აკისრია სახელმწიფოში. საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით:

  • ფიზიკური პირის, იურიდიული პირის ან სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით;
  • საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის ან მთავრობის სარჩელის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ნორმატიული აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე;
  • საერთო სასამართლოს წარდგინების საფუძველზე იხილავს იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის საკითხს, რომელიც კონკრეტული საქმის განხილვისას უნდა გამოიყენოს საერთო სასამართლომ და რომელიც მისი საფუძვლიანი ვარაუდით შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას;
  • საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, მთავრობის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, გენერალური პროკურორის, ეროვნული ბანკის საბჭოს, გენერალური აუდიტორის, სახალხო დამცველის ან ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანოს სარჩელის საფუძველზე იხილავს დავას შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ;
  • საქართველოს პრეზიდენტის ან მთავრობის სარჩელის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის სარჩელის ან წარდგინების საფუძველზე იხილავს საერთაშორისო ხელშეკრულების კონსტიტუციურობის საკითხს;
  • საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის ან მთავრობის სარჩელის საფუძველზე იხილავს პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და ამ პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს;
  • პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის ან შესაბამისი პირის სარჩელის საფუძველზე იხილავს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის საკითხს;
  • საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის ან სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს რეფერენდუმის ან არჩევნების მომწესრიგებელი ნორმისა და ამ ნორმის საფუძველზე ჩასატარებელი ან ჩატარებული რეფერენდუმის ან არჩევნების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ დავას;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეცხრე თავთან მიმართებით;
  • ახორციელებს კონსტიტუციით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

საკონსტიტუციო სასამართლოში  თქვენი ინტერესების დაცვა შეგიძლიათ, როგორც დამოუკიდებლად, ასევე ნებისმიერი მესამე პირის დახმარებით. განსხვავებით სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებისაგან, აუცილებელი არ არის, რომ თქვენი ინტერესების დამცველს ჩაბარებული ჰქონდეს ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა. კონსტიტუციური სარჩელის ფორმა იხილეთ ბმულზე.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის მიმართვა შეგიძლიათ მას შემდეგ, რაც ამოწურავთ თქვენი უფლებების დაცვის შიდასახელმწიფოებრივ მექანიზმებს. რიგ შემთხვევაში ეს შესაძლოა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს (მაგალითად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების შემთხვევაში) ან თუნდაც საკასაციო სასამართლოს მიერ თქვენი საჩივრის განხილვაზე უარის თქმა. საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უნდა გააგზავნოთ ფოსტით, უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 4 თვის ვადაში. აპლიკაციის ფორმა იხილეთ ბმულზე.